Saturday, December 20, 2008

სამონადირეო მითები დევები და ქაჯები

დ ა ლ ი ს ს ა მ ყ ო ფ ი გ ა მ ო ქ ვ ა ბ უ ლ ი ო ქ რ ო ს ი ა.

ვისაც დალი უნახავს,მისი გადმოცემით,დალის თეთრი ტანსაცმელი აცვია.ოქროს ნაწნავები აქვს.ცხოვრობს გამოქვაბულში(თეთნულდის ახლომახლო კლდეებში).დალის სამყოფი გამოქვაბული ოქროსია,ისე ანათებს როგორც მზე,მზეზე მეტადაც.აქ მოსული კაცი,თუ დალის არ მოეწონა,იღუპება,დალი დაღუპავს,რომ არავინ გაიგოს მისი სამყოფი ადგილი.ვინც მოეწონება,მასთან ინტიმურ კავშირს ამყარებს და აფრთხილებს, პირობას ადებინებს,რომ არსად გაამხილოს დალის სამყოფი ადგილი და მასთან კავშირის ამბავი.დალი უკვდავია.იგი პატრონობს ჯიხვებს. ჯიხვების ჯოგს სადაც უნდა გარეკავს.მონადირესაც გარკვეული რაოდენობის ნადირს მოაკვლევინებს.ურჩ მონადირეებს კლდეზე გადაჩეხავს.დალებს განაწილებული ჰყავთ ჯიხვები.გამოქვაბულში ერთი დალი ცხოვრობს.ისე დალი რამდენიმე შეიძლება იყოს.

მთქმელი ალ დევდარიანი, ჩამწერი ა. ცანავა ს. ჭოლაში(მულახის თემი, მესტიის რაიონი) 1976 წ, ფ. არქ. სვ.294,გვ.5

მ ო ნ ა დ ი რ ი ს უ ც ნ ა უ რ ი თ ა ვ გ ა დ ა ს ა ვ ა ლ ი

იყო ერთი მონადირე გოჯი ზურებიანი, ცხოვრობდა სოფ. ჟაბეშში (მესტიის რაიონი). ერთ დღეს მარტო წავიდა სანადიროდ. ღამის გასათევად შევიდა ადრე შეგულვებულ გამოქვაბულში. შეუდგა ვახშმის სამზადისს. ხურჯინიდან ამოალაგა პური , არაყი. სანამ ლოცვას შეუდგებოდა და ჭამას დაიწყებდა, გამოქვაბულში შემოვიდა ზურებიანის მეზობელი გოჯი კახიანი. მიესალმნენ ერთმანეთს. ზურებიანს გაუხარდა გოჯის მოსვლა. კახიანს იარაღი არ ჰქონდა თან.
- იარაღი სადა გაქვსო?
- გარეთ დავტოვეო.
- შიგნით შემოგეტანაო?
- გარეთ არაფერი უჭირსო.
ორივემ ილოცა. არაყი დალიეს, ცოტა საჭმელი შეჭამეს. კახიანმა უთხრა ზურებიანს:
- ამაღამ მთვარიანი ღამეა, ჯიხვების სამყოფი ადგილი ვიცი,წავიდეთ და მოვკლათო.
- ღამე ნადირობა არავის გაუგია,გათენდეს და მერე ვნახოთო.
კახიანმა დაიჯინა. ზურებიანი გამოიყვანა გამოქვაბულიდან. დააპირეს წასვლა, მაგრამ კახიანმა იარაღი არ აიღო.
- მე იარაღი არ მჭირდებაო.
შეყვნენ კამათს. სტაცა კახიანმა ხელი ზურებიანს. დაუწყეს ერთმანეთს ცემა. როგორც იქნა ზურებიანმა იმარჯვა, ჰკრა ხელი და ციცაბო კლდიდან გადაჩეხა. ზურებიანი დაბრუნდა გამოქვაბულში. ბევრი ინანა, ეს რა მომივიდა - მეზობელი შემომაკვდა.ძილი არ მიეკარა. დილით ადრე ადგა. ნახა ის ადგილი, საიდანაც მეზობელი გადააგდო. აქედან გადაგდებული კაცი კი არა, ქვაც არ გადარჩებოდა. ჟრუანტელმა დაუარა და სახლისაკენ გაუდგა გზას. სანამ სახლში მივიდოდა, ნახა, რომ, გოჯი კახიანი და მისი ძმა სათიბს თიბავდნენ სახლის ახლოს . ზურებიანმა გამარჯობა არ უთხრა.
- რას გვემდური გოჯი, ყოველთვის ნანადირევით დატვირთული არავინ მოდის, მაგრამ გამარჯობას კი ამბობენო.
- ნანადირევთან არა მაქს საქმე, მე თქვენთან მექნება საქმე დღეიდანო.
ძმებს გაუკვირდათ. მათ არავითარი ბრალი არ მიუძღოდათ. დაიწყეს ერთმანეთს შორის მოციქულობა. კახიანმა გაიგო თუ რა ბრალი ედებოდა მას, მაგრამ იმ ღამეს კახიანი სახლიდან არ გასულა. ფიცზე გავიდა კახიანი თავის ძმასთან ერთად.
დარწმუნდა ზურებიანი, რომ იმ ღამეს მასთან კახიანი არ ყოფილა. მას გოჯის სახით ტყეში მცხოვრები ტყის კაცი ან სხვა არსება მოევლინა.

მთქმელი ალ. დევდარიანი. ჩამწერი ა. ცანავა. ს. ჭოლაში (მულახის თემი, მესტიის რ.) 1967 წ. ფ. არქ. ავ. 294,გვ 11-14

თ ე თ რ ი ც ე ც ხ ლ ი ს ს ა ხ ი ს ა ნ გ ე ლ ო ს ი

მულახის თემის ჯაჭვლიანთა საგვარეულო კოშკის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს:შებინდებისას,მწვერვალ თეთნულდიდან კოშკში შემოდიოდა მფარველი ანგელოზი თეთრი ცეცხლის სახით.როგორც კი შემოვიდოდა მის სახელზე ლოცვას დაიწყებდნენ.ამ კოშკიდან სხვა საგვარეულოს კაცი მოუკლავთ.ამის შემდეგ თეთრი ანგელოზი არ გამოჩენილა.

მთქმელი ალ. დევდარიანი, 78 წლის. ჩამწერი ა. ცანავა ს. ჭოლაში(მულახის თემი, მესტიის რაიონი) 1976 წ, ფ. არქ. სვ.294,გვ.2



ჯ ი ხ ვ ი ს ფ ე რ ც ხ ა ლ ი (ნ ე კ ნ ი) ხ ი ს ა ა ღ მ ო ჩ ნ დ ა

ერთი ყაზბეგელი მონადირე წასულა მყინვარწვერის მიმართულებით სანადიროდ.ქოხში დაბინავებულა ღამის გასათევად.ღამით რომ დაიძინა,სიზმარი ნახა,თურმე:ერთ ნიშნეულ ადგილას,ვითომ,ჯიხვი მოკლა,გაატყავა დახორცი ააჭრა,ერთი ფერცხული(ნეკნი)ხისა აღმოჩნდა(დეკას ხის ნაჭერი).დილით,იმ ნიშნეულ ადგილასრომ მივიდა,სწორედ ისეთივე ჯიხვი დახვდა როგორიც სიზმარში ნახა.ესროლა თოფი და მოკლა ეს ჯიხვი.როცა გაატყავა და ხორცი აქნა,მართლაც ერთი ფერცხალი (ნეკნი)ხისა ქონებოდა.

მთქმელი დავით წამალაიძე 76წლის, ჩამწერი ა. ცანავა, ს. სიონი(ყაზბეგის რაიონი) 1979 წელი, ივლისი

დ ა ჭ რ ი ლ ი ჯ ი ხ ვ ი ს დ ა ნ ი თ მ ო კ ვ ლ ა ა კ რ ძ ა ლ უ ლ ი ა (მ ა ა დ შ ი დ)

დაჭრილ ჯიხვთან ან არჩვთან მისულ მონადირეს აკრძალული ჰქონდა დანა ეხმარა. უნდა დაეცადა სანამ არ მოკვდებოდადაჭრილი ჯიხვი თავისი სიკვდილით. სიკვდილის წინ ჯიხვი თუ შემოხედავდა მონადირეს, სისხლიან ცრემლებს გადმოყრის. ალბათ, ამან შეაშინა მონადირეები და დანის ხმარება აკრძალეს. ასეთ აკრძალვას მაადშიდი ჰქვია.

მაადშიდ ნიშნავს გარკვეული მოქმედების ან თქმის აკრძალვას: არ შეიძლება თავის სახელით ვახსენოთ გველი, თრითინა, თავი დავიბანოთ ორშაბათ დღეს, მოჭრილი ფრჩხილი გადავაგდოთ და ა.შ. ახალ წელს სულის შებერვით ცეცხლის გაჩაღება არ შეიძლება. ამისთვის სახლის უფროსი წინა დღით ამზადებს ბურბუშელას, რომელსაც ნაცარში ჩაყრილ ნაკვერჩხალზე დააყრის, დაუქნევს ბრტყელ ფანერს და ასე გააჩაღებს საახალწლო ცეცხლს. ახალი წლის დილას ლაპარაკიც აკრძალულია, სანამ უფროსი ყველას არ მიულოცავს ამ დღეს. გარდაცვლილის ლოგინზე ორმოცის გასვლამდე არავინ წვება, აკრძალულია (მაადშიდ)

მთქმელი გიორგი ნავერიანი, 81 წ. ჩამწ. ა. ცანავა, ს. მულახი (მესტიის რ) 1976წ, ფ.არქ.სვ.294,გვ.62,67

ა ლ ი ს ს ა ხ ლ შ ი მ ო ყ ვ ა ნ ა

... პაპაჩემი გაბრიელი დაახლოებით ორმოცდაათი წლის ყოფილა, როცა დაქვრივებულა. ერთ ზაფხულს ჩვენს სათიბ - საძოვრებში შუადღემდე რომ უთიბია ბალახი ცელით, მოულოდნელად ტყიდან გამოსულა ერთი თმაგაწეწილი და ტანისამოსშემოხეული ქალი, აუღია ცელის ტარის სიგრძის ჯოხი და სათიბის მეორე მხარეზე დაუწყია ,,თიბვა“. ...პაპაჩემს აჯავრებდა მეც ვთიბავო. პაპას რამდენჯერმე დაუძახნია: -აქ მოდიო, მაგრამ მას ყურიც არ უთხოვებია. მერე პაპა წასულა მისკენ, მაგრამ ის ქალი მაშინვე ტყისკენ გაქცეულა. პაპა დაბრუნებულა და თიბვა დაუწყია. ის ალიც კვლავ გამოსულა და იმასაც დაუწყია ,,თიბვა“. პაპას გული მოსვლია. როგორ დავიჭირო ეს ქალიო და მოუფიქრებიათ: იმ სათიბის ბოლოში-ჭაობში შალაფა ბალახი დაუგლეჯია და თოკი დაუგრეხია. ეს რომ ალმა დაინახა ისიცასე მოქცეულა. პაპამ მაგარი თოხი დაგრიხა, თურმე, ხეს გამოაბა, გაჭიმა -არ გაწყდა. ალიც ასე მოქცეულა... მერე პაპას ამ თოკით თავისი ფეხები მაგრად შეუკრავს , დაუნასკვია ერთი წვერით... ალიც ზუსტად ასე მოქცეულა. მერე პაპა გაბრიელი, უცებ დასწვდა ცელს , ამოისვა ფეხებ შუა და თოკი გასხიპა. ალიც დასწვდა ჯოხს, ამოუსვა თოკს, მაგრამ ჯოხი თოკს ხომ ვერ გასჭრიდა და მერე გახსნა დაუწყო. გაბრიელი მივარდა მასთან, დაიჭირა ალი. ამოიღო დანა და იმით მოაჭრა ალს თმის მარჯვენა მხრის ნაწილი და მარცხენა ხელის ცერა თითის წამოზრდილი ფრჩხილი. ცხვირსახოცში შეახვია და საიმედოდ უბეში ჩაიტენა. შემდეგ შეაჭრა თოკის ნასკვები და გაუშვა, მაგრამ ალი აღარ გაქცეულა და საღამოთი წაყოლია სახლში.
თმა-ფრჩხილის მარჯვენა მარცხენა მხრიდან შეჭრასის მნიშვნელობა ჰქონია, რომ ალი ყოველთვის ადამიანის გვერდით ყოფილიყოშრომასა და ცხოვრებაში და არცერთი მხრიდან ღალატი არ ჩაედინა. ამაზე გლეხები იცინოდნენ და ამბობდნენ: ,,აი, მოხერხებაც ამას ჰქვიაო“.
სახლში მოყვანისთანავე ალს მთელი მეზობლის ბავშვები და დედაკაცები გარს შემოეხვივნენ. პაპაჩემმა გაბრიელმა ერთი ძალუა დედაკაცი გვერდით გაიყვანა, რაღაცეები უთხრა და მერე ალს მიმართა: „-ალიკო! შენ დაღლილი ხარ და მშიერიც, წადი ცოტა ხანს ამ ქალთან , შეგანაყრებენ და მე კი ვახშმის სამზადისს შევუდგებიო. ალი წაყოლია იმ ქალს , სხვებიც გაჰყოლიან თან. გაბრიელს დრო უხელთია. წერაქვი და ნიჩაბი აუღია, სახლში შესულა მარტო, კარები ჩაუკეტავს.მერე შუა კერიის ცეცხლი გადაუბერტყია.ამოუთხრია ღრმა ორმო, თაროდან ცარიელი თიხის ქილა ჩამოუღია,შიგ ჩაუდვია ალის თმა და ფრჩხილი, ზედ სიპი ქვა დაუფარებია. ორმოში ჩაუდვია და მიწა მიუყრია, დაუტკეპნია, ნაცარ-ნაღვერდალი ისევ თავის ადგილზე მიუწევია... ბაკიდან გამოყვანილი ჭედილა დაუკლავს , მერე მიაკითხა, თურმე, ალსა და ქალებს: ახლა მომეხმარეთო. ისინიც მოხმარებიან. ცოტაოდენი სასმელი უშოვიათ და შინაურული ქორწილი გადაუხდიათ. დაღლილ მამაკაცებს და ქალებს მალევე დაუძინიათ. ალიც ცოტა მოშორებით წამოწოლილა გაბრიელთან. როცა ყველას დაუძინია, ალი ამდგარა, გაბრიელის ტანსაცმელი და მთელი სახლი გადაუქოთებია , მაგრამ თავისი თმა და ფრჩხილი ვერ უპოვნია.
ალებს წესად აქვთ: სანამ მათი თმა და ფრჩხილები ვინმესთან იქნება გადამალული, როგორც ძვირფას განძს ისინი ეძებენ. თუ ვერ იპოვეს ბედს ემორჩილებიან , იმ კაცთან რჩებიან, ხოლო თუ მიაგნეს, მაშინვე გაიტაცებენ და ისევ ტყეში გაიქცევიანო. ჰოდა, იმ ალმაც რახან ვერ იპოვა თავისი თმა და ფრჩხილი, დარჩა გაბრიელთან, როგორც ერთგული ცოლი და მეგობარი. ყველაფერს, თურმე კარგად აკეთებდა, მუშაობდა ქმართან გარე სამუშაოზე. ოჯახსაც წესიერად უვლიდა.
გავიდა ერთი წელი. პაპაჩემი გაბრიელი ოჯახის ბავშვმა გააბრაზა, რისთვისაც ორიოდე სილა წაუთაქა. როცა გაბრიელი შორს სამუშაოზე წავიდა, ბავშვმა სამაგიერო გადაუხადა: მივიდა ალთან და ასე უთხრა: - მე მაღლა ბანის სარკმლიდან ჩუმად ვუყურებდი პაპას, როცა თმა და ფრჩხილები კერის ცეცხლის ქვეშ დამალა მიწაშიო.
ალი სწრაფად ეცა კერიას. ამოთხარა, იპოვა თავისი თმა და ფრჩხილი, გაიტაცა თან და ისევ ტყისკენ გაიქცა. მას დიდხანს ეძებდა გაბრიელი, მაგრამ ამაოდ. ალი ვეღარსად იპოვა.















მ ი თ უ რ ი ყ უ რ შ ა


ძველად სწამდათ, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ორბის ბუდეში, სხვა ბარტყთა შორის ერი ლეკვი გამოიჩეკება ხოლმეორბის კვერცხისაგან.
ყურშა ორბის ლეკვი ყოფილა. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა და თურმე არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი იყო, ორ ნახტომზე ჯიხვს ეწეოდა, მესამე გადახტომას სათაკილოდ სთვლიდა, მისი ყეფა ცის გრგვინვას ჰგავდა, ყურ-ტუჩი ოქროსი ჰქონდა , თვალები კი მთვარის ოდენი. ყოველი მონადირე ნატრობდა ყურშას პოვნას, რადგან ნადირობაში იღბლიანი იყო. მაგრამ დედა ორბი ამ ლეკვს გამოჩეკისთანავე აიყვანდა ხოლმე ძლიერ მაღლა და მიწაზე დაახეთქებდა, რომ ადამიანს არ ჩაეეგდო ხელში და არ გაეზარდა.
ყოველწლიურად, გაზაფხულზე, საგანგებო ფერხულს ჩააბამდნენ ხოლმე ქალები და ვაჟები, ცეკვითა და სიმღერით შესთხოვდნენ გაზაფხულის ღვთაებას, რათა ორბს გამოეჩეკა ამგვარი ლეკვი, არ დაეღუპა და მათთვის ეჩუქებინა.

ქალსა ვისმე ერქვა შროშანიო,
ხუთსა თითსა ეცვა ბეჭედიო,
ბეჭდის თავსა მოლი მოსულაო,
მოლის თავსა ნაძვი ასულაო,
ნაძვის თავსა ორბს ბუდე ჰქონდა,
ბუდე იყო აბრეშუმისა,
კვერცხი ჰქონდა იაგუნდისა,
ლეკვი ჩეკა მარგალიტისა.
ნაძვის ხის ქვეშ ლომი იდგა.
იგი ლომი ლეკვს ექეზებოდა,
ექეზებოდა, ეზერებოდა...
ღმერთო, ერთი ჩემთვის გაზარდე,
გაზარდე და კარგად მიმყოფე,
სანადიროდ გზა გაუწალდე,
ინადიროს, მოკლას ირემი...


ხალხური სიბრძნე, ტ III, შედგენილი ელ. ვირსალაძის მიერ, თბ., 1964, გვ. 174-175

No comments:

Post a Comment